კომაროვის სკოლის გუნდი "Iknowator" ღონისძიების "ინოვაციების ბანაკი: ინოვაციები ფინანსურ განათლებაში" გამარჯვებული გახდა!
- 11 ივლისი, 2021
კომაროვის სკოლის გუნდი "Iknowator" ღონისძიების "ინოვაციების ბანაკი: ინოვაციები ფინანსურ განათლებაში" გამარჯვებული გახდა!
გამარჯვებულ გუნდს ხელმძღვანელობდა კომაროვის სკოლის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ოთიაშვილი.
2021 წლის, 26 და 27 ივნისს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით და ხუთი კომერციული ბანკისა (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, კრედო ბანკი) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ს მხარდაჭერით, გაიმართა ინოვაციების ბანაკის 2 დღიანი ონლაინ ღონისძიება თემაზე „ინოვაციები ფინანსურ განათლებაში“.
ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 2 დღიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 10 სკოლის 100 ახალგაზრდა (სკოლიდან 10 მოსწავლე) მუშაობდნენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოედგინათ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაეჭრათ პრობლემა. ასევე, მოსწავლეები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში.
გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავეს 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იყო სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებდა, რომ ისინი ღრმად უნდა გაცნობოდნენ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეესწავლათ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განევითარებინათ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებოდათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში.
გუნდებს ჰყავდათ გამოცდილი მენტორები და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საბანკო სექტორიდან, რომლებიც უწევდნენ ინტენსიურ კონსულტაციებს, აწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას და ეხმარებოდნენ იდეების განვითარებაში.
ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებული იყო წარმოედგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი.
გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდა სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ინოვაციების ბანაკის გამარჯვებული გუნდის "IKNOWATOR"-ის წევრები "ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის" მოსწავლეები: ელენე დანელია, უთა მუშკუდიანი, ირაკლი სულამანიძე და ანანო ბარბაქაძე მონაწილეობას იღებენ JA China-ს მიერ ორგანიზებულ "2021 “Sensing, Thriving, Sharing” Belt and Road Youth Online Innovation Camp for New Business Talents!" ღონისძიებაში. ეს არის საერთაშორისო ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც JA China მართავს და წელს 9 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: ჩინეთი, ჩინეთი ჰონგ კონგი, საქართველო, გუამი, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, კორეის რესპუბლიკა, ფილიპინები, სინგაპური, თურქეთი და ვიეტნამი.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და მადლობას უხდის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურს და ღონისძიების ორგანიზატორებს!